თურქეთის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უახლესმა მასიურმა ზრდამ დიდი ხნის სკეპტიკურად განწყობილი უცხოელი ინვესტორების ყურადღება მიიპყრო.
მათი განცხადებით, თურქულ აქტივებს დაუბრუნდებიან, თუ ხელისუფლება დაამტკიცებს, რომ სწორ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს.
უცხოური ინვესტიციების მრავალწლიანი გასვლის შემდეგ, ქვეყნის უმაღლესი ოფიციალური პირები მათ დაინტერესებას კიდევ ორი ნაბიჯით გეგმავენ - მომავალ თვეში ისინი გამოაქვეყნებენ ყოვლისმომცველ ეკონომიკურ პროგრამას, რომელიც შეამცირებს გაურკვევლობას და დაიწყებენ უცხოეთში შეხვედრებს.
Reuters-ის თანახმად, ფინანსთა მინისტრი მეჰმეთ სიმსეკი ინვესტორებისთვის გეგმის წარდგენას 19 სექტემბერს ნიუ-იორკში Goldman Sachs-ის სათაო ოფისში დაიწყებს.
გამოცემას ხუთი ინვესტორი უდასტურებს, რომ მონეტარული პოლიტიკის ცვლილება ქვეყნის ახალ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს.
გასულ კვირაში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი აგრესიულად, 750 საბაზისო პუნქტით 25%-მდე გაზარდა, რითაც ეკონომისტების პროგნოზს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. შედეგად ლირა იმავე დღეს 7%-ით გამყარდა.
ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შემდეგ, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი პირველად ივნისში ჯერ 8.5%-დან 15%-მდე გაიზარდა, მომდევნო თვეში კი 2.5 პროცენტული პუნქტით, 17.5%-მდე გაზარდა.
2021 წლის ბოლოდან თურქეთი, ეკონომიკის პრინციპების საპირისპიროდ, მაღალი ინფლაციის პირობებში, განაკვეთს ეტაპობრივად ამცირებდა. 2021 წლის ბოლოს განაკვეთი 19%-დან 8.5%-მდე შემცირდა. სწორედ ამის გამო, ქვეყანაში ინფლაციამ 2022 წლის ბოლოს 80%-ს გადააჭარბა.
არჩევნების შემდეგ ერდოღანმა თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ჰაფიზე გაიე ერკანი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ქალმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა პირველად დაიკავა.