თურქეთმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 8.5%-დან 15%-მდე გაზარდა, რაც ინფლაციასთან ბრძოლაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიზარდა.
თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიუთითა, რომ ეს ნაბიჯი ეტაპობრივი პროცესის დასაწყისია, რომლის მიზანსაც ინფლაციის 5%-მდე შემცირება წარმოადგენს.
მართალია, რეფინანსირების განაკვეთის 6.5-პუნქტიანი ზრდა გაცილებით დაბალია, ვიდრე ეკონომისტები ელოდნენ, მაგრამ ეს ნაბიჯი ახალი ეკონომიკური გუნდის პირობებში პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიანიშნებს. არჩევნების შემდეგ ერდოღანმა თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრად მეჰმეთ სიმსეკი, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ჰაფიზე გაიე ერკანი დანიშნა. აღსანიშნავია, რომ ქალმა თურქეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობა პირველად დაიკავა.
თურქეთში ინფლაცია თითქმის 40%-ია, თუმცა
თურქეთის ლიდერი აქამდე დაჟინებით მოითხოვდა საპროცენტო განაკვეთების შემცირებას. ამ მიდგომის არ გაზიარების გამო, ორ წელზე ნაკლებ დროში, ერდოღანმა თანამდებობიდან ცენტრალური ბანკის სამი პრეზიდენტი გაათავისუფლა.