LIVE

საფინანსო კომიტეტმა სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

12 ივნ 202311:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
საფინანსო კომიტეტმა სებ-ის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

კომიტეტზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა, რომ საჭიროება არ არსებობს და ამასთან, ცვლილებები აღიქმება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად.

მან ასევე განმარტა, რომ პრეზიდენტი პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს განსახილველად საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები მიღებული იქნა დაჩქარებული წესით, რისი რეალური საჭიროებაც არ არსებობდა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ემსახურება ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებით ახალი აღმასრულებელი თანამდებობის, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის შემოღებას.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ეროვნულ ბანკს უკვე ჰყავს სამი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი. წარსულში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში არასდროს ყოფილა პრობლემა, ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობაა შეესრულებინა.

როდესაც ობიექტური საჭიროება არ არსებობს, მიუღებელია ამგვარი ცვლილების განხორციელება, რადგან ეს განაპირობებს კონსტიტუციური ორგანოს, ეროვნული ბანკის მმართველობაში ჩარევას და აღიქმება, მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ. 

2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შექმნა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ ცვლილებები "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია". პარლამენტმა თავდაპირველად ვეტო არ დაძლია, თუმცა მალევე ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პარლამენტს მოუწევს ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რისთვისაც იგი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. მიზეზად მმართველ გუნდში სალომე ზურაბიშვილის მიერ მათთვის მიცემული პირობის დარღვევას ასახელებენ. კერძოდ, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად, პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა შეთანხმება დაარღვია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას განიხილავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობაა - კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა კიდევ მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. 

კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. "ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი განმარტავს, რომ პარლამენტის გეგმა, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, მიუღებელია და იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი. ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომელზე გასაუბრებებისთვის 8 კანდიდატი შეირჩა. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.