LIVE

ხუციშვილის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობისგან ზეწოლით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

07 ივნ 202317:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 644
ხუციშვილის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობისგან ზეწოლით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას განიხილავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა საეჭვო იყო მინისტრის დამოუკიდებლობა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მსხილაძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც მისი თქმით, გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.

„ქართლი ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი - საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია.

რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს სებ-ის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს  ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას კი არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.

კერძოდ, საკითხი ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის სებ-ის საბჭოს წევრად ფინანსთა მოქმედი მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის გაჭიანურებას. განცხადების თანახმად, ამის მზაობა პრეზიდენტმა მმართველ პარტიასთან დაადასტურა, თუმცა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი.

მმართველი პარტიის განცხადებით, პარლამენტს მოუწევს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოოდ მიღება.