
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ცხრამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავა კანდიდატურა მაისში წარადგინა. საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს წევრობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების აუცილებელი წინაპირობაა. იმ ფონზე, რომ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის მარტში ეწურება, გაჩნდა კითხვები, იქნება თუ არა ნათია თურნავა სებ-ის შემდეგი პრეზიდენტი. თავად თურნავა აცხადებს, რომ „ძალიან კმაყოფილია“ საბჭოს წევრის თანამდებობით და არარელევანტურია კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა მიმდინარე წლის 9 თებერვალს დატოვა. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა.