LIVE

აგვისტოში ხელფასის მიმღებთა 37% თვეში ₾2,400 ან მეტს იღებდა

27 ოქტ 202616:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 35
აგვისტოში ხელფასის მიმღებთა 37% თვეში ₾2,400 ან მეტს იღებდა

დასაქმების თრექერის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში თვიური ხელფასის მიმღებთა რიცხვი 966 116 ადამიანია, მაშინ როცა მეორე კვარტალში სამუშაო ძალა ქვეყანაში 1 584 000 ადამიანია, ხოლო დასაქმებულად ითვლება 1 365 000 ადამიანი. 

აგვისტოში თვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა ივლისთან შედარებით 5.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 2.8%-ით გაიზარდა. 

იმ ადამიანების წილი, ვისაც 600 ლარამდე თვიური ხელფასი აქვს, 12.5%-ია, ივლისთან შედარებით ეს წილობრივი მაჩვენებელი 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. სანაცვლოდ, 4.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა იმ ადამიანების წილი, ვინც ₾2,400 ან მეტ თვიური ხელფასს იღებდა, მათი წილი ჯამურ მაჩვენებელში 37.1%-ია. წლიურ ჭრილში ეს წილობრივი მაჩვნებელი 5.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

₾9,600 ლარის ან მეტის მიმღები ადამიანების წილი კი ჯამურ მაჩვენებელში 3.4%-ია.

რაც შეეხება ვაკანსიებს, აგვისტოში jobs.ge-ზე 7,040 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც ივლისთან შედარებით 13.5%- ით, ხოლო 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით 3.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

თვიურ ჭრილში, ვაკანსიების ცვლილება ასე გამოიყურება:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორია -21.0%
  • ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დისტრიბუციის კატეგორია -5.1%

წლიურ ჭრილში კი ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დისტრიბუციის კატეგორიაში ზრდა 1.5%-ია, თუმცა ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და პროგრამირებას ვაკანსიების 38%-იანი კლება აქვს წინა წელთან შედარებითაც.

საერთო ჯამში, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით jobs.ge-ზე გამოქვეყნდა 22,979 ვაკანსია, რაც 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში ვაკანსიების რაოდენობის შემცირებაში ყველაზე დიდი წვლილი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიამ შეიტანა.