ქართული ოცნების განცხადებით, პარლამენტს მოუწევს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოოდ მიღება.
როგორც ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, იკვეთება აშკარა ნიშნები, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.
„ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.
მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად, მმართველ გუნდს პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარადგენდა. როგორც ოცნებაში განმარტავენ, ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.
"პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის",- აღნიშნულია განცხადებაში.
9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2 ვაკანტური თანამდებობაა, რომელზე გასაუბრებებისთვის 8 კანდიდატი შეირჩა. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
- საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
- საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა.
- ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.