ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ავტომობილებისთვის ხმაურის დასაშვები დონის 80-დან 100 დეციბელამდე ზრდა პრობლემას ვერ აგვარებს და ავტომობილების დიდ ნაწილს ჯარიმა მაინც შეეხება.
„არც ეს ზღვარი არ არის ნორმალური. ესეც საკმაოდ დაბალია. ეს რომ ყოფილიყო 120 ან მინიმუმ 110 მაინც უკვე ნორმა იქნებოდა და შეღავათი იმ ავტომფლობელებისთვის, რომლებიც ვერ ლახავენ ამ ზღვარს," ამბობს ლაშა დარბაისელი
მისი თქმით, ავტომობილების ხმაური მაყუჩიდან 1 მეტრის დაშორებით იზომება, რაც რეალურ მაჩვენებელს არ ასახავს.
"უნდა გაიზომოს მინიმუმ სამი მეტრიდან მაინც, რომ აღიქვას აპარატმა ეს დეციბელები ზუსტად. რაც უფრო მეტად ახლოს მიიტანენ მოწყობილობას ამ მაყუჩთან, შესაბამისად უფრო ხმამაღლა აღიქვამს. როგორ იქნება ამის შემდეგ, რაც ზღვარი გაზარდეს, საინტერესოა,” დასძენს ლაშა დარბაისელი.
წლის დასაწყისიდან ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში - 23:00-დან 08:00 საათამდე - ავტომობილებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ზღვარი აქამდე 80 იყო და მას შემდეგ გაიზარდა, რაც ავტომფლობელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ზედმეტად დაბალი ზღვრის გამო, რაც დაჯარიმების წანაპირობა ხდებოდა.
კანონით, პირველი დარღვევის შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობას 10 ქულა დააკლდება, იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისას კი ჯარიმა უკვე 200 ლარია და მართვის მოწმობას 20 ქულა აკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისას 300-ლარიანი ჯარიმა და 30 ქულის ჩამოკლებაა განსაზღვრული.