ეროვნული ბანკი ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგებს ავრცელებს ოქტომბრის თვისთვის და აცხადებს, რომ სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა.
ეს იმ ფონზე, როცა თავად ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ მის სამიზნეზე ორჯერ მაღალი ინფლაციას მნიშვნელოვანწილად საწვავის გაძვირება განაპირობებს და დაახლოებით 5.9%-იან ინფლაციაში 2 პროცენტულ პუნქტს სწორედ ნავთობის გაზრდილ ფასს მიაწერს. საწვავის ფასი საქართველოში მკვეთრად გაიზარდა სექტემბრიდან და მხოლოდ მიმდინარე კვირაში აჩვენა მცირედი კლება, თუმცა ამ ტენდენციის შენარჩუნების მოლოდინი მაღალი გაურკვევლობის ფონზე - ნაკლებადაა. შესაბამისად, თუ ინფლაციას და შესაბამისად, ინფლაციურ მოლოდინებს საწვავის ფასი განაპირობებს - ეს ფაქტორი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა იმისთვის, რომ ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე ემოქმედა.
მეორე მხრივ, საგულისხმოა, რომ წლის ბოლოს სემეკი გეგმავს ბუნებრივი აირის და წყლის სამომხმარებლო ტარიფებს გადახედოს, ამას კი წინ უძღოდა ის, რომ პარლამენტმა სულ ახლახანს დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა ცვლილება, რაც კომისიას საშუალებას აძლევს ტარიფები მოსახლეობას მოხმარებული მოცულობის მიხედვით დაუდგინოს, ანუ ვინც მეტს მოიხმარს, მეტს გადაიხდის. ვინაიდან აღნიშნული აჩენს მოლოდინს ტარიფების ზრდასთან მიმართებაში, ბუნებრივია, ესეც უნდა მოქმედებდეს ინფლაციურ მოლოდინებზე.
მიუხედავად ამისა, მარეგულირებლის მტკიცებით, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ, მომატებულია.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინებიც შემცირებულია. კერძოდ, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-ის, 6-8%-ის ინტერვალებსა ან 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამავდროულად, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ, მოიმატა.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-ის, 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან.
მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა,
რომლებიც მომდევნო პერიოდში საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების უცვლელად შენარჩუნებას ან მათ 0%-2%-ის ფარგლებში ზრდას ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%-20%-ის შუალედსა და 20%-30%-ის ფარგლებში ელოდებიან, გაზრდილია. ამავდროულად, რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას და 30%-ზე მეტად ზრდას ელოდებიან, შემცირებულია.