საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში 5-დღიანი ვიზიტი დაასრულა და დაასკვნა, რომ "ფასებზე ზეწოლამ ბოლოხანს გაფართოება დაიწყო, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. მაკროეკონომიკური პოლიტიკა ფრთხილი უნდა დარჩეს სამიზნეზე მაღალი ინფლაციისა და გაზრდილი გაურკვევლობის გათვალისწინებით."
უფრო კონკრეტულად, IMF განმარტავს, რომ საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება.
"ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად," წერს სავალუტო ფონდი.
მისივე თქმით, ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს.
"შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა," ნათქვამია სსფ-ს ანგარიშში.
ფონდის შეფასებით, 2026 წელს ბიუჯეტის გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი მშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე, განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება.
"2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება," მიიჩნევს IMF.
მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სავალუტო ფონდი თვლის, რომ დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, ფონდი საყურადღებოდ მიიჩნევს უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელ ზრდას.
ამასთან, მიუხედავად შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ფონდი თვლის, რომ საქართველოში დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.