LIVE

IMF: ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაიძლიოს

10 ივნ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
IMF: ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაიძლიოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე. 

"ბიზნეს ფორმულას" კითხვის საპასუხოდ, საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელი ჯეიმს ჯონი განმარტავს, რომ პარლამენტის გეგმა, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, მიუღებელია და იგი საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლები შეშფოთებულნი ვართ განცხადებით, რომ საქართველოს პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს. სავალუტო ფონდის აზრით, ეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და სანდოობას დააზიანებს. 

ჩვენ ვერ გავამართლებთ ამგვარ ქმედებას და ვშიშობთ, რომ ის ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი მიმდინარე პროგრამების ფარგლებში მიაღწია; ეს კი ქვეყნის ეკონომიკაში გაურკვევლობებს გააჩენს. ჩვენი აზრით, საქართველოს ეროვნული ბანკი არსებული წესებისა და მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის პირობებში ეფექტიანად ფუნქციონირებს; ხოლო იმ ცვლილებების მიღება, რომლებსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, არათუ გააძლიერებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის ეროვნული ბანკის, როგორც სახელმწიფოს მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის მიმღები ინსტიტუტის როლს, უზრუნველყოს ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლებმა უკვე გამოთქვეს სერიოზული შეშფოთება თებერვალში, როდესაც პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები დაამტკიცა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადახედონ თავიანთ გეგმებს სებ-ის კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ; ამასთან, შეთანხმების ფარგლებში ხელი შეუწყონ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ძლიერ და პოზიტიურ თანამშრომლობას," - ამბობს ჯეიმს ჯონი.

2023 წლის 9 თებერვალს პარლამენტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით საქართველოს ეროვნულ ბანკში ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შექმნა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულ ცვლილებებს ვეტო დაადო. მიუხედავად ამისა, მალევე ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ პარლამენტს მოუწევს ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რისთვისაც იგი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ კონსულტაციების შედეგად, მმართველ გუნდს პრეზიდენტმა დაუდასტურა მზაობა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა ზურაბიშვილმა შეთანხმება დაარღვია. საპასუხოდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ, განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენას განიხილავდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა საეჭვო იყო მინისტრის დამოუკიდებლობა. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - კანდიდატის დამოუკიდებლობაა - კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა კიდევ მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლითა და შანტაჟით. 

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება 2 მარტს ამოეწურა და ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი. ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს