3 მარტიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს - ამის შესახებ „ბიზნეს ფორმულას“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს.
ეროვნულ ბანკში კობა გვენეტაძის 7-წლიანი პრეზიდენტობის ვადა დღეს, 2 მარტს იწურება.
როგორც სებ-ში აღნიშნავენ, მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ამასთან, როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, სებ-ში არსებული წესების მიხედვით, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებს.
9 თებერვალს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სებ-ის პრეზიდენტს 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
თუმცა გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. მისი განცხადებით, ცვლილებები „არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია“.
საკითხი მოექცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყურადღების ცენტრშიც. IMF „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებებში რისკებს ხედავს.