LIVE

ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა გაჩნდა - ცვლილებები დამტკიცდა

09 თებ 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1219
ეროვნულ ბანკში ახალი თანამდებობა გაჩნდა - ცვლილებები დამტკიცდა

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. სებ-ის პრეზიდენტს, 1 პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. 

კიდევ ერთი ცვლილება ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის საკითხს ეხება. თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.

აღსანიშნავია, რომ კანონის ამოქმედებიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის (გარდა პირველი ვიცე-პრეზიდენტისა) უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი. პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევამდე ერთი თვით ადრე, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ შემუშავებული ცვლილებები, თანამდებობების გადანაწილების მცდელობას უკავშირდება.

როგორც მან პლენარული სესიის სხდომაზე განაცხადა, დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, სავარაუდოდ, ნათია თურნავას აირჩევენ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაეკისრება.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მხრიდან მარეგულირებლის საკადრო საქმიანობაში ჩარევის მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, ხელისუფლება უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის შიდა ცხოვრებაში - საკადრო საქმიანობაში.   

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. მისი ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს პრეზიდენტობის ვადა 2 მარტს ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.