LIVE

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი სახელმწიფო კომპანიაში დასაქმდა

23 მაი 202312:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 818
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი სახელმწიფო კომპანიაში დასაქმდა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, თამარ იოსელიანი სახელმწიფო კომპანიის, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. შესაბამისი ცვლილება უკვე აისახა საჯარო რეესტრში.

აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თანამდებობიდან იოსელიანის წასვლის მიზეზად სწორედ ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლა სახელდებოდა. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა.

რაც შეეხება შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურს, ის საჯარო რეესტრში მიმდინარე წლის 17 მარტს დარეგისტრირდა. შპს-ს დირექტორია ზურაბ სიჭინავა, სამეთვალყურეო საბჭოში კი სამი წევრია, რომელთაც 3 წლის ვადით ირჩევენ. ამჟამად, საბჭოს წევრები არიან: თამარ იოსელიანი, ნინო ფაცაცია და ირაკლი კაჭარავა.

შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაა. შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის კაპიტალის ოდენობა კი 3 მილიონ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის 13 მარტს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ დაფუძნდებოდა სახელმწიფო კომპანია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით არსებულ დოკუმენტებს განაახლებდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა. პრემიერმინისტრის განცხადებით, მთავრობის სურვილია, პორტის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენი წილი ტენდერით შერჩეულ უცხოელ პარტნიორებს გადაეცემათ.

იმ ფონზე, რომ პორტის ახალი ინვესტორების ვინაობა ჯერ უცნობია, მთავრობა საარბიტრაჟო დავაშია პროექტის ყოფილ ინვესტორებთან. მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.