LIVE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

20 თებ 202315:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 447
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა,- ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო, რომლის სხდომაც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე თვეში საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით, პროექტის საუკეთესო ინვესტორს გამოავლენს. პარალელურად, სახელმწიფო განაახლებს არსებულ საინჟინრო/გარემოსდაცვით კვლევებს და  პორტისთვის საჭირო გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.

ინტერესთა გამოხატვის შედეგად შერჩეულ ინვესტორთან ერთად დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, სადაც დაგეგმილია, რომ სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49%-ის მფლობელი.

"ეს იქნება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატი, რომლის ფარგლებში, ერთობლივი კომპანია უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების მოზიდვას, ასევე, ბოლომდე მიიყვანს პორტის სამშენებლო სამუშაოებს და დაიწყებს ოპერირებას.

სამუშაო ჯგუფი და კომისია სააგენტოს საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით შეაფასებს შემოსულ განაცხადებს ერთი თვიდან ორი თვემდე პერიოდში (დამოკიდებულია განაცხადების რაოდენობაზე). განაცხადების შეფასება მოხდება ტექნიკურ, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვისა და საოპერაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 

შეფასების შედეგად კვალიფიცირებულ კანდიდატებს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ივლისისა დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე და მიეცემათ კომისიის მიერ დადგენილი ვადა წინადადებათა წარმოსადგენად. შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს (ან რამდენიმე საუკეთესო კანდიდატს) და დაიწყება მოლაპარაკებები კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო საორიენტაციო ვადას დაახლოებით 12 თვე წარმოადგენს",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობას წელს დაიწყებს ისე, რომ პოტენციური ინვესტორების შერჩევას არ დაელოდება.