LIVE

მინისტრის თქმით, მთავრობა აფუძნებს კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტის დოკუმენტებს განაახლებს

13 მარ 202316:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 549
მინისტრის თქმით, მთავრობა აფუძნებს კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტის დოკუმენტებს განაახლებს

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში ქონების მართვის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი.

„წელს კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დავიწყეთ, რაც პორტის განვითარების პარალელურად მიმდინარეობს. გამოცხადებულია საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა. ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ბევრი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ძირითადად ესენია წამყვანი საპორტო ოპერატორები, ან მშენებელი კომპანიები, ან კონსორციუმის კუთხით კომპანიები. დღეს ისინი ჩვენს სააგენტოსთან აქტიურ რეჟიმში ცვლიან ინფორმაციებს. პირველადი ინფორმაცია დაახლოებით ერთ თვეში გვექნება. შემდეგ უნდა გადავიდეთ ე.წ. წინადადებების მოთხოვნის ეტაპზე. იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში პარტნიორს შევარჩევთ.

ტერიტორიები, სადაც პორტის განვითარება უნდა მოხდეს, უკვე სახელმწიფოს - ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის. სააგენტო მიმდინარე კვირაში სახელმწიფო კომპანიას დააფუძნებს, რომელიც არსებული დოკუმენტების განახლებას დაიწყებს. ეს იქნება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტაცია და ტექნიკური საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია, იმისთვის, რომ ჩვენ მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოების დაწყება შევძლოთ, რომ დრო არ დაიკარგოს. რა თქმა უნდა, შემდეგში ეს ყველაფერი ერთობლივი კომპანიის ნაწილი იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

შეგახსენებთ, 2022 წლის ბოლოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხად, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო მეორე ნაწილი ტენდერით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

მიმდინარე წლის თებერვალში უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.