LIVE

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა

22 მაი 202317:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1192
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად ალექსი ახვლედიანი დაინიშნა, რომელიც სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
 
სააგენტოს განცხადებით, ალექსი ახვლედიანის შრომითი გამოცდილება საკმაოდ მრავალმხრივია - სხვადასხვა წლებში მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
 
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ალექსი ახვლედიანი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის ფიგურირებდა ნიკა გვარამიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებით შანტაჟის საქმეში. კერძოდ, "რუსთავი 2"-ის მაშინდელმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ალექსი ახვლედიანი დაასახელა შუამავალ პიროვნებად, რომელიც ტელევიზიაში მივიდა და მას ხელისუფლების მუქარის შემცველი განცხადება გააცნო. ახვლედიანი დაკითხეს, თუმცა, პროკურატურის განმარტებით, მან უარყო გვარამიასთვის რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდება და თქვა, რომ ნიკა გვარამიასთან მხოლოდ მეგობრული შეხვედრა ჰქონდა. 
 
სააგენტოს დირექტორის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ იოსელიანმა, რომელიც სსიპ-ს 2018 წლის 29 მარტიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობა დატოვა. როგორც სააგენტოში განმარტეს, იოსელიანი ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სხვა სამსახურში გადადის. 
 
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია.