LIVE

ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

12 დეკ 202214:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 559
ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

"ახალ ტენდერს ვამზადებთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან პორტის წინა ინვესტორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის მთავრობას $1.5 მილიარდს ედავება.

"2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს, 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით და ეს არის. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო. მას შემდეგ რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ. უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

ნოემბერში "ფორმულამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.