LIVE

ბიზნესები, რომლებმაც რუსული კანონი ღიად გააკრიტიკეს - სია

09 მარ 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 704
ბიზნესები, რომლებმაც რუსული კანონი ღიად გააკრიტიკეს - სია

საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფი "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული რუსული კანონპროექტი საჯაროდ კერძო სექტორის ათობით წარმომადგენელმა გააკრიტიკა. მათ შორის არიან სტარტაპები, წვრილი და მსხვილი ბიზნესები. 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენების ნაწილს პოზიცია საჯაროდ ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

"ბიზნეს ფორმულა" იმ კომპანიების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებმაც რუსული კანონის შესახებ პოზიცია ღიად დააფიქსირეს. (სია არასრულია და ახლდება.) 

რესტორნები და ბარები

"უარი ანტისახალხო რუსულ კანონს!", - კლუბ "ბასიანის" ვებგვერდზე შესულ ვიზიტორებს მხოლოდ ეს წარწერა ხვდებათ. 

რესტორანი "ეზო" წერს, რომ ე.წ. აგენტების კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს მომავალს და ევროინტეგრაციის პროცესს და გმობს პარლამენტის მიერ მისი პირველი მოსმენით მიღებას. 

 

ფილიალები დახურა და რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტს შეუერთდა Coffee Lab

"დედაენის ბარმა" კანონის დაგმობასთან ერთად, 8 მარტს დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს სივრცის გამოყენება შესთავაზა. 

 

აქციას შეუერთდა Raven’Bar/რეივენს ბარიც

„მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი,“ - ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი სიტყვები ისმოდა 8 მარტს რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად ამავე ქუჩაზე მდებარე „კაფე გალერიდან“. 

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ჩვენმა რეზიდენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაკეტონ თავიანთი სივრცეები საღამოს 7 საათიდან დღის ბოლომდე“, - დაწერა "ფაბრიკამ". 

7 მარტის აქციაზე წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა ბარმა "მეობა". 

გართობა

"თავისუფლება ჩვენი ფესტივალის უპირველესი ღირებულებაა და ეს მხოლოდ ცარიელი სლოგანი არ არის. დღეს ეს ღირებულებები, რომლებმაც ასე გაგვაერთიანა და დაგვაახლოვა, სერიოზული საფრთხის წინაშეა", - ნათქვამია Tbilisi Open Air / AlterVision-ის 6 მარტის პოსტშიმეორე დღეს ფესტივალის გვერდზე მუსიკოსების აქციაზე გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა. 

ვაჭრობა

ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა "ფაბერი" წერს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. აღსანიშნავია, რომ მისი დამფუძნებლები  სოციალური ქსელებში რუსული კანონს აქტიურად ეწინააღმდეგებიან

ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ამბობს, რომ არ შეიძლება კანონი ადამიანს აგენტად რაცხავდეს. ის კანონთან ერთად იმ ბიზნესმენებსაც აკრიტიკებს, რომლებიც პოზიციას არ აფიქსირებენ.

სხვადასხვა 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის განცხადებით, კანონპროექტი წინააღმდეგობაშია დასავლურ ღირებულებებთან და მისი განხილვაც კი, აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას და აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში. 
 
კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე მთლიანად ქვეყნის რეპუტაციას.

Qari Electric რუსულ კანონს გმობს და წერს, რომ ყოველი ინიციატივა და კანონი, რომელიც ამ გზას გვაშორებს არის საშიში და მიუღებელი.

"არა რუსულ კანონს", - წერს მარკეტინგული კომუნიკაციების ბრენდი "მეტრო". 

გამომცემლობა "პალიტრა L" აცხადებს, რომ ნებისმიერი ე.წ. კანონი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას, აბრკოლებს საქართველოს ისტორიული მიზნის მიღწევას და ქვეყანას უკან სწევს. 

კანონის მიღების წინააღმდეგია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებლი, თემურ ჭყონიაც. 

რუსულ კანონს არაერთი პოსტით გამოეხმაურა საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.

 

კომპანია "დიოს" დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში განაცხადა, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევა დააზიანებს საქართველოს ბიზნეს გარემოს და შეარყევს ქვეყნის იმიჯს.  

გერმანიაში, სადაც საქართველო ავტორიტეტული გამოფენის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა, ტურისტული კომპანიების ნაწილმა რუსული კანონი გააპროტესტა.

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ მიუღებელია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას ეწინააღმდეგება.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, კანონის მიღების შემთხვევაში, შედეგები უმძიმესი იქნება.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული კანონის მიღება საქართველოს საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ჯონ ბრეკეველდტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ ასოციაციის წევრი ევროპული კომპანიებს უკვე აშფოთებთ ამ კანონის ინიციირების შედეგად ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია.  

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებამდე საქართველოს მარნების წარმომადგენლებმა პარლამენტს მოუწოდეს, რომ რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ.

იმავე მოთხოვნით პარლამენტის კომიტეტებს მიმართეს სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს. განცხადების ხელისმომწერები არიან: 

  • თეონა დალაქიშვილი - CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;
  • გიორგი ყანჩაველი - პროექტის სკოლა;
  • ანა ავეჩბა - სქილთეიფი (სტარტაპი);
  • ნატო ჩაკვეტაძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;
  • მარინა ბენდელიანი - ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE;
  • ნატალი ქენქაძე - ICPI / ბექას სკოლა;
  • ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტი;
  • მიშიკო ჩხოლარია - რა ვაჩუქო - ravachuqo.ge;
  • შორენა ქადიძე - კარიერის აკადემია;
  • თეკლე კაპანაძე - Kidsoffice.ge;
  • ბექა წულაია - დეილი ჯგუფი;
  • დავით ჩეჩელაშვილი - ისარი ვენჩურზ;
  • შალვა ჯინჭარაძე - Agrometi;
  • თეა მხეიძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი;
  • ლუკა ხათრიძე - სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენელი;
  • თამარ თუმანიშვილი - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;
  • გიორგი აგირბაია - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;
  • Ნინო წითლანაძე - TsitlanadzeConsultancy, შემოქმედებითი მეწარმეობის ტრენერი და კონსულტანტი; 
  • ნატალია ოქროშიაშვილი - ტარა, აგრო კონსულტანტი;
  • ბექა გელაშვილი - „ჯორჯიან საიქლინგ ვანდერერ“;
  • ქრისტინე კაპანაძე - ა(ა)იპ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი 

ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ  რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარატმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".