LIVE

შალვა ალავერდაშვილი: დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია

08 მარ 202315:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
შალვა ალავერდაშვილი: დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.

გამოფენა ITB Berlin-ის მონაწილე Facebook-ში წერს, რომ ბერლინშიც კი, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი, რუსეთის ადგილი არ არის.

„ეს არის საქართველოს ულამაზესი სტენდი ბერლინში. აქ ვართ ტურიზმის სექტორში მომუშავე უამრავი ქართული კომპანია; აქ დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი; აქ, სადაც მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი, აქაც კი რუსეთის ადგილი არ არის. აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს BBC-ის ახალი ამბები დღეს დილით იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი „ქაოსის“ კადრებით.

თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება ბერლინში მასპინძლის ამპლუაში ყოფნა, გვეამაყება რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი „გიჟური“ შრომის შედეგად მაინც ვახერხებთ და აქტიურად ვამკვიდრებთ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. დიახ, ჩვენი ადგილი აქ არის, დიახ, ჩვენი ადგილი ევროპაშია“, - წერს შალვა ალავერდაშვილი.

გერმანიაში, სადაც საქართველო ავტორიტეტული გამოფენის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანაა, ტურისტული კომპანიების ნაწილმა რუსული კანონი გააპროტესტა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

რუსულ კანონთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, რომ ის გააკეთოს, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება“.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, „პროპორციული ძალა გამოიყენეს“.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.