LIVE

ლალაზაშვილი: ქვეყნის განვითარება ძალიან დიდი ხნით გადაიდება, ერთ წრეზე ვტრიალებთ

08 მარ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
ლალაზაშვილი: ქვეყნის განვითარება ძალიან დიდი ხნით გადაიდება, ერთ წრეზე ვტრიალებთ

BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ მიუღებელია ყველაფერი, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივას ეწინააღმდეგება.

მისი თქმით, არ არსებობს დარგი, სადაც არ ვიღებთ დახმარებას გრანტის, კრედიტის თუ სხვა ფორმით, აგენტების შესახებ კანონი კი ამ დაფინანსებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„თეორიულადაც რომ დავუშვათ, ევროკავშირისკენ გზა შეგვეზღუდა, ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის. ამ კანონის მიღებით ისეთ მოდელს ვუახლოვდებით, როგორიც რუსეთს აქვს. ბევრი დასავლური ქვეყანა ამბობს, რომ ეს არასწორი გზაა და ამ ფორმით კანონის მიღება არ შეიძლება, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება ძალიან დიდი ხნით გადაიდება. ერთ წრეზე ვტრიალებთ, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია,“ - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას და თქვა, რომ თუ ხელისუფლება ნამდვილად ფიქრობს, რომ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უნდა გაჩერდეს.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღოკანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 წავიდა. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

მშვიდობიანი პროტესტანტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".