LIVE

ზვიად ჭუმბურიძე რუსულ კანონზე: პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს

08 მარ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
ზვიად ჭუმბურიძე რუსულ კანონზე: პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, რუსული კანონი, რომელმაც საზოგადოება და ქვეყნის იმიჯი უკვე დააზიანა, პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს. მისი განმარტებით, ხელისუფლება კონსტიტუციას არ უნდა უპირისპირდებოდეს. 

 „გუშინ, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ისტორია გადავახვიეთ და უკან, 90-იანებში დავბრუნდით. ჩვენი ყველა სტრატეგიული პარტნიორი, ყველა გულშემატკივარი გვეუბნება, საქმეს ნუ გაართულებთო, მაგრამ პრინციპში, პირველი მოსმენით ამ კანონის განხილვამ, საზოგადოება უკვე დააზიანა, ასევე დააზიანა ჩვენი იმიჯი. ვფიქრობ, პარლამენტმა ეს სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს, იმისთვის, რომ შემდგომი დაპირისპირება არ მოხდეს. ვის და რას უპირისპირდებით? კონსტიტუციას უპირისპირდება ხელისუფლება და პარლამენტი?

ასეთი შეუსაბამობა და კონსტიტუციასთან დაპირისპირება არაფრით არ შეიძლება, მითუმეტეს პარლამენტისა და ხელისუფლების მხრიდან, ეს ერთი და მეორე, ვუპირისპირდებით ჩვენი შვილების თაობას? როგორ შეიძლება მათ ძალა დაუპირისპირო? ამას ისტორია არ გვაპატიებს. ამიტომ, იქნებ შევაჩეროთ ეს. უკვე დაზიანებულები ვართ, მაგრამ უფრო მეტად ნუ დავზიანდებით. უფრო მეტ სირთულეს ნუ შევქმნით ქვეყანაში. გუშინ ვნახეთ, ჩვენთან რა მყიფეა დემოკრატია და რა მყიფეა ადამიანის უფლებების დაცვა. მართლა არ ყოფილა საკმარისი ის ათწლეულები, რომ პოსტსაბჭოთა მეტასტაზები მოგვეცილებინა. ნუ დავაზიანებთ ქვეყანას. გამოვიდეთ ქვეყნის ინტერესებიდან“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას. 

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის განმარტებით, კანონის მიღების შემთხვევაში, შედეგები უმძიმესი იქნება. მისი თქმით, კანონი უარყოფით გავლენას მოახდენს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების, ისე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით.  

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

რუსულ კანონთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხია, მაგრამ ხელისუფლება იმიტომაა, რომ ის გააკეთოს, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება“.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, „პროპორციული ძალა გამოიყენეს“.

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.