LIVE

EBA: აგენტების კანონპროექტის განხილვაც კი საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებს

07 მარ 202316:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
EBA: აგენტების კანონპროექტის განხილვაც კი საქართველოს საინვესტიციო გარემოს აზარალებს

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის განცხადებით, უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული კანონის მიღება საქართველოს საინვესტიციო გარემოს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ჯონ ბრეკეველდტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, რომ ასოციაციის წევრი ევროპული კომპანიებს უკვე აშფოთებთ ამ კანონის ინიცირების შედეგად ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია. მისი თქმით, ამ კანონპროექტის განხილვაც კი უკვე აზარალებს ქვეყნის ბიზნესგარემოს და წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებთან.

„ჩვენი შეფასებით, უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებული კანონის მიღება დააზიანებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. მხოლოდ კანონპროექტის განხილვა და მიმდინარე პროცესებიც კი უკვე აზარალებს ბიზნესგარემოს. ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები უკვე გამოთქვამენ შეშფოთებას და გვისვამენ კითხვას, თუ როგორ აისახება ეს კანონი მათ საქმიანობაზე, გვეკითხებიან, უნდა გააგრძელონ თუ არა მათ საქართველოში ინვესტირება. საქართველოში ბევრი ორგანიზაცია ოპერირებს, რომელიც დონორებისგან იღებს დაფინანსებას და ახლა მათ შეიძლება უცხოური გავლენის აგენტები ეწოდოთ. ევროპაში მსგავსი კანონმდებლობა არაა, ვერანაირ არგუმენტს ვერ ვხედავ, თუ რატომ უნდა განიხილებოდეს მსგავსი კანონპროექტი. თავად ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ მსგავსი კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი 12 რეკომენდაციიდან ორთან“, - განაცხადა ჯონ ბრეკეველდტმა.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.