LIVE

ჩოჩელი: აგენტების კანონი ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოა

08 მარ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
ჩოჩელი: აგენტების კანონი ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მისწრაფებების საწინააღმდეგოა

ეს კანონი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებთან,- ასე აფასებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს როგორც ბიზნეს გარემოს, ასევე მთლიანად ქვეყნის რეპუტაციას.

„აგენტებთან დაკავშირებული კანონი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა და წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. როდესაც ჩვენი ყველა მეგობარი, დაწყებული ევროკავშირიდან დამთავრებული იაპონიით, გვირჩევს, ნუ მიიღებთ ამ კანონს და მაინც უმრავლესობა ჯიუტად დგას, ეს კარგს არაფერს მოუტანს არც საზოგადოებას და არც ქვეყანას. ეს პროცესები კუდიანებზე ნადირობას მაგონებს, რაიმე სიკეთის მოტანა ამ კანონს არ შეუძლია. რა გამოდის, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ ხალხს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან, აგენტები არიან და მათი დამფინანსებლები, მტრები გამოდიან? არ უნდა დაგვავიწყდეს ვინ გადაგვატანინა 90-იანი წლები და ვისი დახმარებით მოვედით აქამდე. ამიტომ დიდი დაფიქრება გვამართებს და ჩემი სურვილია, რომ ეს კანონი უკან იქნეს გაწვეული“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტს გუშინ მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 13 წავიდა. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

მშვიდობიანი პროტესტანტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".