LIVE

კახა ხაზარაძე: ვუყურებ სიჩუმეს, რომელმაც ბიზნესში დაისადგურა, უმოქმედობას არავინ გვაპატიებს

08 მარ 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
კახა ხაზარაძე: ვუყურებ სიჩუმეს, რომელმაც ბიზნესში დაისადგურა, უმოქმედობას არავინ გვაპატიებს

ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ამბობს, რომ მისთვის მტკივნეულია ბიზნესის დუმილი. 

მისი შეფასებით, უმოქმედობა უპატიებელია.

"ვუყურებ ამ სიჩუმეს, რომელმაც ბიზნესში დაისადგურა, რაც მტანჯავს და სულიერ ტკივილს მაყენებს.

მინდა მივმართო ყველას, ვინც დღეს სიჩუმეს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება და ევროპული მომავალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს, ჩვენამდე მოიტანეს და ამისთვის სიცოცხლეც დათმეს. ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი შვილებია და ვალია მათ მომავალზე ზრუნვა, რაც ნიშნავს ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მათ შეძლონ ძლიერ, თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ჩვენ უმოქმედობას არავინ გვაპატიებს, პირველ რიგში საკუთარი სინდისი. პატივისცემით, საქართველოს მოქალაქე",- წერს კახა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილმა ღიად გააკრიტიკა რუსული კანონი, თუმცა ნაწილს პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. მათ შორისაა, ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება - "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" (BAG), რომელიც 600-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს. BAG ამ დრომდე დუმს, იმის მიუხედავად, რომ „ბიზნეს ფორმულა“ კომენტარისთვის რამდენჯერმე დაუკავშირდა.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო. კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა. 

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი. სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიებიც. 

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ მშვიდობიან აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს.