LIVE

კახა ხაზარაძე: არ შეიძლება კანონი ადამიანს აგენტად რაცხავდეს

07 მარ 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 405
კახა ხაზარაძე: არ შეიძლება კანონი ადამიანს აგენტად რაცხავდეს

ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ამბობს, რომ არ შეიძლება კანონი ადამიანს აგენტად რაცხავდეს.

როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის შეფასებისას განუცხადა, კანონი ბიზნესისთვის დაფინანსების მოძიებას გაართულებს.

 „მე უფრო საბჭოთა სივრცეში დაბრუნებულ კანონზე ვისაუბრებდი, რადგან ადამიანს აწებებ იარლიყს, რომ ის უკვე ცუდია. პატარა კაპიტალით ბიზნესის დაწყება ძალიან რთულია. ამ პატარა კაპიტალსაც ბანკი არ იძლევა. ერთ-ერთი წყარო კი, სწორედ საერთაშორისო დონორები არიან, საიდანაც შეგვიძლია თანხები მოვიზიდოთ. ამ კანონის მიღების შემდეგ არც ერთი მსხვილი და პატარა ბიზნესი არ დაფინანსდება. როცა ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე და თავისუფლების ხარისხზე ე.ი. ჩვენ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ. თუ ამის ყველაფრის შეზღუდვა იწყება, ავტომატურად ეს შეზღუდვა ინვესტიციებსაც შეეხება. ინვესტორი მაშინ დებს თავისუფლად შენს ქვეყანაში ინვესტიციას თუ ხედავს, რომ ის დაცულია. თუ დაინახავს, რომ ეს რისკის ქვეშ დგას, არანაირი კაპიტალის შემოდინება არ მოხდება. შესაბამისად, ქვეყანა უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდება“,- აცხადებს - ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.