LIVE

სტარტაპები: რუსული კანონპროექტი ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს!

07 მარ 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 569
სტარტაპები: რუსული კანონპროექტი ქვეყანას ევროპულ მომავალს ართმევს!

სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრები, პარლამენტის სამ კომიტეტს განცხადებით მიმართავენ და კომიტეტების წევრებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების, ევროპასთან ინტეგრაციის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სახელზე მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ქართველ მეწარმეებს ხელს შეუშლის შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე.

„განცხადებაზე ხელმომწერი სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები, მეწარმეები და საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რადგან ის ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს.

დღეს, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის ქვეყნებთან და დასავლურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რამაც ბევრ მეწარმეს და სტარტაპერს მისცა საშუალება, საკუთარი იდეები უფრო დიდ ბაზარზე გაეტანა, მიეღო ცოდნა, განათლება და საკუთარი წვლილი შეეტანა, როგორც უამრავი ადამიანის დასაქმებაში, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკოსისტემის განვითარების 80 % სწორედ იმ ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ პროექტებზე მოდის, რომელთა გავლენის აგენტებად გამოცხადებასაც გეგმავთ, და ეს კანონი შეეხება არამხოლოდ მათ, არამედ თითოეულ ადამიანს, ვინც ამ შესაძლებლობებით სარგებლობდა.

ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ საზოგადოების სამსახურში ყოფნა. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება შევცვალოთ უკეთესობისკენ და ვიზრუნოთ ქვეყნის წინსვლაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ.

ევროპის ერთიანი ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისთვის. ამ ბაზართან წვდომის მხრივ არაერთი დონორული პროექტი ეხმარება მეწარმეებს, იქნება ეს ცოდნის გაზიარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, სერტიფიცირებისა თუ სტანდარტების დანერგვის მხრივ დახმარება, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა ექსპორტზე ორიენტირებული სერვისებით მეწარმეების მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტი შეაფერხებს ამ პროცესებს და ხელს შეუშლის ქართველ მეწარმეებს შევიდნენ და დაიმკვიდრონ თავი ევროპის და ამერიკის ბაზარზე. და დატოვებს ქართველი მწარმოებლების დიდ ნაწილს დამოკიდებულს ისევ რუსეთის არასტაბილურ, მაღალრისკიან და დაბალშემოსავლიან ბაზარზე.

კანონპროექტი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიდგომებს იზიარებს, ჩვენს ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას ართმევს და მტრულ დამოკიდებულებას ავლენს პარტნიორებისადმი.

დღეს, ჩვენ ერთად ვწერთ საქართველოს უახლეს ისტორიას და გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მომენტში, დადგეთ ქვეყნის გადარჩენის, თავისუფლების, დემოკრატიული მომავლის მხარეს.

არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონპროექტს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ მომავალს და განვითარების პერსპექტივას ართმევს!“ - აღნიშნულია სტარტაპ და სამეწარმეო ეკოსისტემის წევრების განცხადებაში.

წერილს ხელს აწერენ:

  • თეონა დალაქიშვილი - CDC Business/კომლი/სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;
  • გიორგი ყანჩაველი - პროექტის სკოლა;
  • ანა ავეჩბა - სქილთეიფი (სტარტაპი);
  • ნატო ჩაკვეტაძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი;
  • მარინა ბენდელიანი - ააიპ. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და განათლების ცენტრი / CEPE;
  • ნატალი ქენქაძე - ICPI / ბექას სკოლა;
  • ნანა დიხამინჯია - ალტე უნივერსიტეტი;
  • მიშიკო ჩხოლარია - რა ვაჩუქო - ravachuqo.ge;
  • შორენა ქადიძე - კარიერის აკადემია;
  • თეკლე კაპანაძე - Kidsoffice.ge;
  • ბექა წულაია - დეილი ჯგუფი;
  • დავით ჩეჩელაშვილი - ისარი ვენჩურზ;
  • შალვა ჯინჭარაძე - Agrometi;
  • თეა მხეიძე - სამეწარმეო განათლების კონსულტანტი და ტრენერი;
  • ლუკა ხათრიძე - სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენელი;
  • თამარ თუმანიშვილი - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;
  • გიორგი აგირბაია - სამეწარმეო განათლების ტრენერი-მენტორი;
  • Ნინო წითლანაძე - TsitlanadzeConsultancy, შემოქმედებითი მეწარმეობის ტრენერი და კონსულტანტი; 
  • ნატალია ოქროშიაშვილი - ტარა, აგრო კონსულტანტი;
  • ბექა გელაშვილი - „ჯორჯიან საიქლინგ ვანდერერ“;
  • ქრისტინე კაპანაძე - ა(ა)იპ ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები.

კანონპროექტების განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.