24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ 2022 წლის თითქმის ყველა მთავარი მოვლენა განსაზღვრა.
ომის 310 დღე
დასავლელი ლიდერების შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავისი მასშტაბით ევროპაში უდიდესია.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) თანახმად, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში ომის დროს 6,8 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
ომს ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა, რადგან ათასობით უკრაინელმა თავი უკრაინის დასავლეთ ნაწილს და სხვა ქვეყნებს შეაფარა. ყველაზე მეტი უკრაინელი მეზობელ პოლონეთში გადავიდა. 2022 წლის დეკემბრისთვის უკრაინის მხრიდან საზღვრის კვეთის რიცხვმა დაახლოებით 8.5 მილიონი შეადგინა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ 105 250 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული.
უკრაინა რუსეთთან ომში დასავლელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერას იღებს. აშშ-ის სენატმა აპრილში ერთხმად მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად დაეხმაროს უკრაინას: გაუგზავნოს იარაღი და სხვა მარაგი. ლენდ-ლიზის პროგრამა მე-2 მსოფლიო ომის პერიოდის ზომაა, რომელიც აშშ-ს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მოკავშირეების სწრაფი დახმარების საშუალებას აძლევდა. პროგრამის ამოქმედება კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეჭრა წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ლიბერალური დღის წესრიგისთვის.
რუსეთი მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა
რუსეთმა ყველაზე სანქცირებული ქვეყნების სიაში ჩრდილოეთ კორეას და ირანს გაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე სანქცირებული ქვეყანა გახდა. ქვეყანამ ეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში მოახერხა.
Castellum.ai-ს მიხედვით, რომელიც სანქციების გლობალური დამკვირვებელია, მარტის დასაწყისისთვის რუსეთი 2 778 ახალი სანქციის სამიზნე გახდა, რაც ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ჯამს 5 530-მდე ზრდის. ქვეყანამ აჯობა ირანს, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 3 616 სანქცია დააგროვა, ძირითადად მისი ბირთვული პროგრამისა და ტერორიზმის მხარდაჭერის გამო.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 30 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთს ყველაზე მეტი - 1 737 სანქცია აშშ-მა დაუწესა, მას 1 489 სანქციით კანადა მოსდევს.
ამ დროისთვის რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირს სანქციების 9 პაკეტი აქვს დამტკიცებული. 24 თებერვლიდან 30 ნოემბრამდე, ბლოკმა რუსეთს სულ 1 407 სანქცია დაუწესა.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტით არის გათვალისწინებული.
ამასთან, ამოქმედდა ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე დადგენილი ფასის ზედა ზღვარი.
რამდენიმეთვიანი მსჯელობის შედეგად, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ზღვარზე შაბათს შეთანხმდნენ, ერთი ბარელი რუსული ნავთობის მაქსიმალურ ფასად $60 განისაზღვრა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ბაზარი სრულად ან ნაწილობრივ 1 000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.
გაზრდილი ინფლაცია
2022 წელს ინფლაცია ბევრ ქვეყანაში რეკორდულად გაიზარდა. ეკონომისტები 2023 წელს რეცესიის მოლოდინში არიან.
ეკონომისტების შეფასებით, 70%-ია რისკი, რომ მომავალ წელს აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში შევა. ნოემბერში შეერთებულ შტატებში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად, წლიურ 6%-მდე შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს სამიზნე 2%-ს. ამის გამო, Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაზარდა და 4.25-4.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც 2007 წლის შემდეგ, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ნოემბერში ევროზონაში ინფლაცია წელიწად-ნახევრის განმავლობაში პირველად შენელდა და 10% შეადგინა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში 2020 წლის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს - 10.6%-ს მიაღწია.
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ნოემბერში წლიური ინფლაცია წინა თვის 85.5%-დან 84.39%-მდე შემცირდა. ამასთან, ინფლაციამ წინა თვესთან შედარებით 2.9% შეადგინა.
გაერთიანებული სამეფოს მეფე პრინცი ჩარლზი გახდა
8 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.
დედოფალი ელისაბედი ტახტზე 1952 წელს მამამისის, ჯორჯ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. ის გაერთიანებული სამეფოს მონარქი 70 წლის განმავლობაში იყო, რითაც ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი მმართველის, ხოლო მსოფლიოში მეორე ყველაზე ხანგრძლივი მმართველის ტიტული აქვს.
კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსი
ერთ-ერთმა უმსხვილესმა კრიპტობირჟამ FTX-მა გაკოტრების შესახებ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა. FTX-ის კოლაფსის შედეგად, მომხმარებლების კუთვნილი სულ მცირე $1 მილიარდი გაქრა.
FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა მას შემდეგ, რაც უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩანგპენგ ჟაომ განაცხადა, რომ მისი ფირმა FTX-ის შიდა ტოკენის, FTT-ს, გაუქმებას აპირებდა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია.
Twitter-ის ახალი მფლობელი ილონ მასკი გახდა
ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის შესახებ $44-მილიარდიანი გარიგება ოქტომბრის ბოლოს დაასრულა. ამის შემდეგ ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. კომპანიების ნაწილმა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა.
მასკის მფლობელობაში მყოფი სხვა კომპანიების ინვესტორებისთვის ასევე შეშფოთებას იწვევს მასკის მიერ Twitter-ის შეძენა და სოციალური ქსელისთვის დიდი დროის დათმობა, რადგან შიშობენ, რომ მას შესაძლოა, ერთდროულად რამდენიმე მაღალი პროფილის მქონე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობა გაუჭირდეს.
ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ Tesla-ს აქციები ერთი თვის განმავლობაში 40%-ით შემცირდა.
ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ილონ მასკს ბერნარ არნომ გადაუსწრო
დეკემბრის დასაწყისში ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა.
Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $137 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $162 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.
მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც $200 მილიარდი დაკარგა. 2022 წლის 1 იანვარს მისი ქონება $270 მილიარდს, 3 იანვარს კი - $304 მილიარდს შეადგენდა.
ისტორიული მისია Artemis I შედგა
ორი წარუმატებელი მცდელობისა და 10-წლიანი მზადების შემდეგ, ამერიკულმა კოსმოსურმა სააგენტომ NASA-მ ფლორიდიდან მთვარეზე 100-მეტრიანი რაკეტა გაუშვა.
მისია, სახელწოდებით Artemis I, არის საწყისი ნაბიჯი NASA-ს ამბიციური გეგმიდან, რათა 2025 წელს პირველი ქალი და ფერადკანიანი ადამიანი მთვარის ზედაპირზე გააგზავნოს. მისი მიზანია დაამტკიცოს, რომ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემას შეუძლია გაგზავნოს კაფსული სახელად Orion მთვარის ორბიტაზე ეკიპაჟის გარეშე.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა. ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ თამაშში საფრანგეთთან პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება კაპიტნისა და გუნდის მარგალიტის, ლიონელ მესის პირადი ტრიუმფი იყო.
მესი გახდა მე-9 ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი აქვს მოგებული.
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მესამედ მიღება სიხარულის იშვიათი მიზეზია ქვეყნისთვის, რომელიც თითქმის სამნიშნა ინფლაციას ებრძვის და თვეების განმავლობაში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაურკვევლობას განიცდის.