LIVE

აშშ-ის რეცესიაში შესვლის რისკი 70%-ია - ეკონომისტების პროგნოზი

25 დეკ 202211:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 518
აშშ-ის რეცესიაში შესვლის რისკი 70%-ია - ეკონომისტების პროგნოზი

ეკონომისტების შეფასებით, 70%-ია რისკი, რომ მომავალ წელს აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში შევა

Bloomberg-ის მიერ ეკონომისტების ყოველთვიური გამოკითხვის მიხედვით, 2023 წელს შეერთებულ შტატებში დაღმასვლის რისკი ნოემბერში კიდევ უფრო გაიზარდა და 6 თვის წინანდელთან შედარებით, ახლა ორჯერ მეტია. გამოკითხვა 12-16 დეკემბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 38-მა ეკონომისტმა მიიღო.

გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ მომავალ წელს აშშ-ში მოსალოდნელია საშუალოდ 0.3%-იანი ეკონომიკური ზრდა. მეორე კვარტალში ეკონომისტები 0,7%-იან კლებას ელიან, პირველ და მესამე კვარტალში კი მაჩვენებელი უცველად შენარჩუნდება. სამომხმარებლო ხარჯები, რაზეც აშშ-ის მშპ-ს დაახლოებით ორი მესამედი მოდის, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში ოდნავ გაიზრდება.

“რეფინანსირების განაკვეთების ზრდის, მაღალი ინფლაციის, ფისკალური დახმარების ამოწურვისა და დასუსტებული საექსპორტო ბაზრების გამო, აშშ-ის ეკონომიკას დიდი წინააღმდეგობები ემუქრება. ბიზნეს კომპანიები სიფრთხილით ეკიდებიან მარაგების შევსებას და თანამშრომლების აყვანას. მოსალოდნელია, რომ შეფერხდება მშენებლობა, სხვა კაპიტალური გეგმები და შემცირდება შეკვეთები,“ - ამბობს ბილ ადამსი, Comerica Bank-ის მთავარი ეკონომისტი. 

Fed-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი ინდიკატორი ინფლაციის მაჩვენებელია. საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგეტიკის ცვალებად ხარჯებს გამორიცხავს, ნოემბერში მოსალოდნელზე მეტად, წლიურ 6%-მდე შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს სამიზნე 2%-ს. ამის გამო, გასულ კვირას Fed-მა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაზარდა. შედეგად, განაკვეთი 4.25-4.5%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც 2007 წლის შემდეგ, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ Fed მომავალი წლის დასაწყისში განაკვეთს კიდევ უფრო გაზრდის და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას 2023 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.   

მთავარი მიზეზი, რის გამოც Fed, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მაღალ განაკვეთებს, არის სამუშაო ბაზრის გამძლეობა. თუმცა, ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, იკლებს დასაქმებაც. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მეორე და მესამე კვარტალში ხელფასები შემცირდება, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე საშუალოდ 4.9%-ს მიაღწევს. 

შემცირებული ინვესტიციები, სუსტი საყოფაცხოვრებო ხარჯები და რეცესიის ზღვარზე მყოფი გლობალური ეკონომიკა განსაკუთრებით აზარალებს ქვეყნის მწარმოებლებს.  

Bloomberg-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ეკონომისტებ მომავალი წლის ყოველ კვარტალში სამრეწველო წარმოების შემცირებას ელიან.