24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 1000-მდე კომპანიამ რუსულ ბაზარზე ოპერაციების შეზღუდვის შესახებ განაცხადა, მაგრამ ზოგიერთმა რუსეთში ოპერირება შეუჩერებლად განაგრძო.
იელის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფი 1200-ზე მეტი კომპანიის საქმიანობას დააკვირდნენ და ისინი ხუთ კატეგორიაში მოაქციეს: ბაზრიდან სრულად გასვლა (334 კომპანია), საქმიანობის შეჩერება (455 კომპანია), საქმიანობის შემცირება (152 კომპანია), ახალი ინვესტიციების/განვითარების შეყოვნება (160 კომპანია), ბაზარზე დარჩენა (244 კომპანია). კომპანიების სია მუდმივად ახლდება.
მათ შორის, ვინც რუსულ ბაზარზე რჩება, არის: Alibaba, Benetton, Calzedonia, Clarins, Diesel, Giorgio Armani, koton, Lacoste, Tom Ford, Turkish Airlines და სხვები.
რუსეთი სრულად დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Starbucks და McDonald's. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამზადებს ახალ კანონს, რომელიც საშუალებას მისცემს აიღოს კონტროლი დასავლური კომპანიების ადგილობრივ ბიზნესებზე, რომლებმაც უკრაინაში ომის გამო ბაზრის დატოვება გადაწყვიტეს. კანონი, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირაში მიიღონ, მისცემს რუსეთს ფართო უფლებამოსილებას ჩაერიოს იქ, სადაც "სამუშაო ადგილებს ან მრეწველობას ემუქრება საფრთხე".