დღეიდან ძალაში შევიდა საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტით არის გათვალისწინებული.
ამასთან, ამოქმედდა ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და ავსტრალიის მიერ რუსულ ნავთობზე დადგენილ ფასის ზედა ზღვარი.
რამდენიმეთვიანი მსჯელობის შედეგად, G7-ის ქვეყნები და ავსტრალია რუსული ნავთობის ზღვარზე შაბათს შეთანხმდნენ, ერთი ბარელი რუსული ნავთობის მაქსიმალურ ფასად $60 განისაზღვრა.
ფასზე ლიმიტის დაწესებით დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, რომ ერთი მხრივ, შეინარჩუნონ რუსული ნაკადები, რათა საწვავის დეფიციტმა გლობალურ ბაზრებზე სამომხმარებლო ფასების ზრდა შეაჩერონ, მეორე მხრივ, კი დარტყმა მიაყენონ რუსეთის ეკონომიკას.
ის ქვეყნები, რომლებიც ფასის შეზღუდვას არ შეუერთდნენ, შეძლებენ, რომ რუსული ნავთობი $60-ზე ძვირად იყიდონ, მაგრამ მისი შეძენის, დაზღვევის ან ტრანსპორტირების მიზნით დასავლური კომპანიების სერვისებს ვერ გამოიყენებენ.
რუსეთი, რომელიც ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, იმუქრება, რომ ამ ნაბიჯს უპასუხოდ არ დატოვებს და აცხადებს, რომ ახალი პირობებით ნავთობის გაყიდვაზე უარს იტყვის, თუნდაც ნავთობის წარმოების შემცირება მოუწიოს.
Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მზადდება განკარგულება, რომელიც რუსულ კომპანიებს და ტრეიდერებს უკრძალავს ურთიერთობას ქვეყნებთან და კომპანიებთან, რომლებიც ფასის ლიმიტს უერთდებიან.
რუსულ ნავთობზე სანქციების ამოქმედების შემდეგ, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასი მცირედით შეიცვალა. დღეს დილით ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 0.86%-ით, ანუ 49 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $86.06 შეადგინა, WTI ასევე 0.6%-ით ანუ 51 ცენტით გაძვირდა და $80.49 გახდა.