Tesla-ს აქციები 11.4%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი იანვარში შანხაის ქარხანაში წარმოებას ამცირებდა, რამაც ავტომობილების ბაზარზე შეშფოთება გამოიწვია.
ფასის დაცემის შემდეგ 1 აქციის ღირებულება $14.05-ით შემცირდა და $109.10 გახდა.
ერთი თვის განმავლობაში კომპანიის აქციები სულ 40%-ით შემცირდა.
გასულ კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის აქციებს დაახლოებით ორი წლის განმავლობაში აღარ გაყიდის.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკმა Tesla-ს $3,6 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა. საერთო ჯამში, მილიარდერმა წელს Tesla-ს $40 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდა, რაც ინვესტორების იმედგაცრუებას და კომპანიის აქციების ფასის ვარდნას იწვევს.
ეს არის კომპანიის აქციების მე-2 უდიდესი გაყიდვა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში მასკმა Twitter-ის $44 მილიარდად საყიდლად Tesla-ს აქციები გაყიდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აქციების გაყიდვა შესაძლოა, ახლაც იმავე გარიგებას უკავშირდებოდეს.
მასკმა, რომელიც Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორიც არის, Twitter-ის შეძენის შემდეგ თავისი დროის დიდი ნაწილი სოციალური მედიის პლატფორმას დაუთმო, რამაც მის მმართველობაში არსებული სხვა კომპანიების ინვესტორების კრიტიკა გამოიწვია. Tesla-ს აქციების ფასი წელს 54%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა Tesla-ში მასკის წილიც. Refinitiv-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17%-დან 13,4%-მდე ჩამოვიდა.
მიმდინარე თვეში ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $130 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $163 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.