LIVE

აგვისტოში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

30 სექ 202211:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 552
აგვისტოში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. პირველი რვა თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.

მიმდინარე წლის აგვისტოში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები, ვაჭრობა, ასევე საფინანსო საქმიანობა.  

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორებში.   

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 36.9%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა - 36.5%-ით. 

ამასთან, მხოლოდ აგვისტოში საქართველოში, 6 930 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 92.4%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 23%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მლრდ 600 მლნ ლარს გადააჭარბა. 

შეგახსენებთ, მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. პროგნოზი შეცვალა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც წელს საქართველოში ეკონომიკის 9%-იან ზრდას ელის.  

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ასევე გაზარდეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკი (ADB) კი 3.5%-ის ნაცვლად, 7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.  

ცნობისთვის, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორის ლიაზიზა საბიროვას განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მიგრანტებთან დაკავშირებულ შემოდინებებს ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. თუმცა მისი განმარტებით, რეგიონში გაურკვევლობა კვლავ საკმაოდ მაღალია და აღნიშნული ეფექტი შესაძლოა დროებითი და ერთჯერადი ხასიათის იყოს.