LIVE

IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

16 სექ 202214:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 936
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2%-დან 9%-მდე გაზარდა.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელის ჯეიმს ჯონის განცხადებით, გლობალური გამოწვევების მიუხედავად, წელს, საქართველოს ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება.

„ტურიზმის მოსალოდნელზე სწრაფმა აღდგენამ, შემომავალი ფულადი გზავნილების ზრდამ, ასევე იმიგრაციასთან დაკავშირებულმა ნაკადებმა ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო პოზიციის განმტკიცებას და შიდა მოთხოვნის შენარჩუნებას.

2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 9%-მდე გავზარდეთ, რადგან დღეის მდგომარეობით, უკრაინაში მიმდინარე ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე არ რეალიზებულა. ეკონომიკის ზრდამ განამტკიცა საბანკო სექტორის მდგრადობა. ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელზე გაცილებით მაღლა ნარჩუნდება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა მისიის წინასწარ მიგნებებზე საუბრისას. 

შეგახსენებთ, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის სებასტიან მოლინეუსის განაცხადებით, საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ მიგრანტებსაც უკავშირდება.

ცნობისთვის, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე უკვე გაზარდა საქართველოს მთავრობამ.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.