LIVE

მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა

12 სექ 202214:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 677
მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8.5%-მდე გაზარდა

მთავრობამ 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე გაზარდა. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს გადააჭარბებს.

„განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები შემდეგს ითვალისწინებს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 6%-ის ნაცვლად 8.5% იქნება, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი კი - 10.5%. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 72.2 მლრდ ლარით არის განსაზღვრული, ხოლო 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განმარტებით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 1 მლრდ 266 მლნ ლარით იზრდება. პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო დაგეგმილზე 710 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ის 40%-მდე შემცირდება. ამასთან, შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა და მშპ-ის 3.2% იქნება.