LIVE

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

03 აგვ 202212:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 646
ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა და ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, ეკონომიკური აქტივობა სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს, რისი მნიშვნელოვანი ხელშემწყობიც ბოლო თვეებში ფულადი გადმორიცხვების რეკორდული დონე, აღდგენილი ტურიზმი და მაღალი დაკრედიტებაა.

„წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი.

მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია. შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად,  მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ. 

ცნობისთვის, თავდაპირველად ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა შემდეგ უკრაინაში ომის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.