LIVE

ADB საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 11%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

21 სექ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 654
ADB საქართველოში 7%-იან ეკონომიკურ ზრდასა და 11%-იან ინფლაციას პროგნოზირებს

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2022 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-დან 7%-მდე გაზარდა.

საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, პროგნოზის გაუმჯობესების შესაძლებლობას გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გადარიცხვები და ძლიერი კერძო მოხმარება იძლევა.

2022-ის განახლებული პროგნოზის მიხედვით, 5%-დან 6%-მდეა გაზრდილი 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი.

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია.

ADB საქართველოს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ განვითარებაში ეხმარება ბაზარზე წვდომის ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოების მიზნით. საქართველოს ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფით მდგრადი ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით“, - განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა.

განახლების თანახმად, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი მომავალ წელს 5%-იან შემცირებამდე, რაც მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

ADB-ის შეფასებით, მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, 18%-ით გაიზარდა წარმოება. სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საფინანსო ინსტიტუტის განცხადებით, ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია. 

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით - 13%-მდე გაიზარდა. 

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 8.5%-მდე უკვე გაზარდა საქართველოს მთავრობამ.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.2%-დან 9%-მდე ასევე გაზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF).

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 9.7%-ით გაიზარდა. პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 10.3% იყო.