LIVE

II კვარტალში საქართველომ $352 მილიონის უცხოური ინვესტიცია მიიღო - საქსტატი

08 სექ 202211:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 883

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1%-ით მეტია.

მეორე კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3%-ით განისაზღვრა.

 

რაც შეეხება ინვესტიციების სექტორულ გადანაწილებას, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის მსგავსად, ამჯერადაც ლიდერი ენერგეტიკაა: 

  • ენერგეტიკის სექტორი - 76.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8%);

  • უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარი (21.5%);

  • საფინანსო სექტორი - 47.6 მლნ აშშ დოლარი (13.5%).

 

მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული კი შემდეგია:

  • გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4%);

  • ნიდერლანდები - 44.8 მლნ აშშ დოლარი (12.7%);

  • იაპონია - 41.8 მლნ აშშ დოლარი (11.9%).

შეგახსენებთ, საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მლრდ 242 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

საქართველოს მთავრობაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა, თუმცა კერძო სექტორის თუ ექსპერტების ნაწილი საინვესტიციო გარემოს გაუარესებასა და არაერთ გამოწვევაზე მიუთითებს, რაც ინვესტიციების შემოსვლას აფერხებს. ასეთ გამოწვევებს შორის სახელდება სასამართლო სისტემა, ეკონომიკური თუ პოლიტიკური არასტაბილურობა, შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, ბიუროკრატიული ბარიერები, ჩაშლილი საინვესტიციო პროექტები, რომელთა გამოც მთავრობა საარბიტრაჟო დავებშია და ა.შ.