ეიპიემ ტერმინალს ფოთი პარლამენტს მოუწოდებს, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეაჩეროს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შეთავაზებული რეგულაციები არღვევს და ზღუდავს ინვესტორის უფლებებს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების, თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს, შეუსაბამოა კონკურენციის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან და სახელმწიფოს ვალდებულებასთან ხელი შეუწყოს კონკურენციის განვითარებას.
ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინფორმაციით, კანონპროექტი არსებითად ცვლის ფოთის საზღვაო ნავსადგურის ამჟამინდელ სამართლებრივ მოწესრიგებას. ცვლილებების შედეგად, ის, ნაოსნობის უსაფრთხოებაზე, სერვისების მიწოდებაზე, ასევე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის საზღვრების ფარგლებში არსებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის მართვაზე პასუხისმგებელი ნავსადგურის ერთადერთი ადმინისტრატორიდან, გარდაიქმნება ფოთის საზღვაო ნავსადგურში მდებარე ერთ-ერთ სანავსადგურე ერთეულად.
„შემოთავაზებული ცვლილებები გავლენას მოახდენს კომპანიის ზოგიერთ უფლებაზე, კომპანიის მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინების გარეშე. სწორედ ამიტომ, ეიპიემ ტერმინალს ფოთი შეშფოთებას გამოთქვამს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით და სთხოვს საქართველოს პარლამენტს, მხედველობაში მიიღოს დაინტერესებული მხარის, ეიპიემ ტერმინალს ფოთის ინტერესები, შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა და გაიხმოს კანონპროექტი.
აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება და უგულებელყოფს პრივატიზების ხელშეკრულებებით, ასევე, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის გაფორმებული ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“, - აღნიშნეს ეიპიემ ტერმინალს ფოთში.
ფოთის პორტის ოპერატორ კომპანიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტს შემოაქვს ახალი რეგულაციები შესასვლელ არხთან დაკავშირებით. აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაირიცხოს სანავსადგურე გადასახადი მომხმარებლებისთვის და როგორ უნდა გადანაწილდეს შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ხარჯები სანავსადგურე ერთეულებს შორის. კანონპროექტი ასევე, ადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებას, სანავსადგურე ერთეულებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, შეინარჩუნოს ფოთის საზღვაო ნავსადგურის შესასვლელი არხის საპროექტო სიღრმე და აკრიფოს გადასახადები, ისეთი ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლაპატრონობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტალღმჭრელი მოლო (Breakwater) - ეიპიემ ტერმინალს ფოთის საკუთრებაში არსებული აუცილებელი ინფრასტრუქტურა შესასვლელი არხის შესანარჩუნებლად.
კომპანიის ინფორმაციით, 2011 წლიდან ეიპიემ ტერმინალსმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ფოთის საზღვაო ნავსადგურის მოძველებული ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და მომსახურების საშუალებების განახლებაში და დღემდე განაგრძობს ინვესტირებას.
„ჩვენ ვმუშაობთ ლოგისტიკური დერეფნის განვითარებაზე და რეალიზებაზე, რომელიც ცენტრალურ აზიას მსოფლიოსთან დააკავშირებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის მეშვეობით. ამასთანავე, ვისწრაფვით გავხდეთ მთავარი კარიბჭე და მივაწოდოთ მსოფლიო დონის სერვისები ჩვენს მომხმარებლებს, და წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გადახედონ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის შესახებ რათა საფრთხე არ შეუქმნან ქვეყნის საინვესტიციო გარემოს“, - აღნიშნა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაინტერესებულ მხარეებს არ მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა პროექტის შემუშავების პროცესში. გარდა ამისა, არ ჩატარებულა რეგულირების ზეგავლენის შეფასება და არც გარე ექსპერტი ყოფილა ჩართული პროექტის შემუშავების პროცესში.
„კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი შემოთავაზებული ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას. კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს კომპანიისთვის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, რომელიც გარანტირებული იყო პრივატიზების ხელშეკრულებებით, თუმცა უტოვებს მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს, სტანდარტების შესაბამისად შეინარჩუნოს ტალღმჭრელი მოლო და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები პორტის ყველა მომხმარებლისა და ოპერატორის სასარგებლოდ.
ინვესტორების უფლებამოსილებების დაბალანსებისთვის წარმოდგენილი კანონპროექტი ფაქტობრივად გაურკვეველ სიტუაციას ქმნის, საფრთხეში აგდებს ამჟამად არსებულ უსაფრთხო და ეფექტურ ოპერაციებს ნავსადგურში, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მნიშვნელოვან დისბალანსზე, რაც ზემოაღნიშნული ძირითადი ხელშეკრულებით გარანტირებულ უფლებებსა და მოვალეობებს შორის იქმნება“, - განაცხადეს ეიპიემ ტერმინალს ფოთში.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 2022 წლის 4 აპრილს, დაჩქარებული წესით დაიწყო „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“კანონპროექტის განხილვა.