LIVE

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

01 აპრ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 879
ლევან დავითაშვილი: ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდება.

"ბიზნეს ფორმულას" კითხვაზე, რა ეტაპზეა პროექტი, მინისტრი აცხადებს, რომ ინტერესი რამდენიმე ინვესტორმა გამოხატა. მისივე თქმით, მთავრობას პორტის განვითარების პროგრამა მზად აქვს.

"რამდენიმე ინვესტორი არის, რომელიც ინტერესს გამოხატავს და სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. ჩვენ ჩავატარეთ დეტალური კვლევა ცნობილ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან, ეს არის ნიდერლანდური კომპანია MTBS, რომელმაც შეისწავლა ზოგადად საქართველოს პორტები. მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და აქცენტი არ გვქონოდა მხოლოდ ერთ პორტზე. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის არის დასკვნები გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ მთელი რიგი პროგრამა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. პროგრამა რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხს. ამ ნაწილში, საკონსულტაციო-იურიდიულ კომპანიასთან ერთად, ჩვენი პოზიციით ვართ წარმოდგენილი. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ",- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის თქმით, სატვირთო გადაზიდვები ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიდის. სულ თვე-ნახევრის წინ ჩვენ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ახალი, ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ფაქტობრივად, ყველა პორტი, რომელიც კეთდება, გათვლილია რეალურად უფრო მეტ სიღრმეებზე, უფრო მეტი ტვირთამწეობის გემებზე",- აღნიშნა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელისუფლებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ არსებული საარბიტრაჟო დავის იურიდიული მომსახურება 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა