საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში კომპანიის მომსახურების ცენტრის გახსნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია და სწრაფად ვითარდება.
„აღინიშნა, რომ ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება გლობალური და რეგიონული მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის. რეპუტაციისა და მეგობრული ბიზნესგარემოს წყალობით კი საქართველო გლობალურად გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით. ქვეყანა განვითარებულ ბაზრებზე იმავე ლიგაშია, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი არიან.
საუბარი ასევე შეეხო FTX Crypto Derivatives და ციფრული ბაზრების ასოციაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოში FTX-ის რეგიონული ოფისის შექმნა, რაზეც კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეგიონული ოფისის გახსნა სათანადო გარემოს შექმნის მომავლის ფინანსური ციფრული აქტივების ბაზრისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანია Ripple უმსხვილესი ამერიკული ბლოკჩეინ კომპანიაა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ოპერირებს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და იტალიაში.