„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის თემურ ჭყონიას განცხადებით, ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა საკმარისი არ არის. მისი თქმით, სახელმწიფომ ინვესტორებს მაქსიმალურად განსხვავებული პირობები უნდა შესთავაზოს.
„საქართველო ინვესტორისთვის მიმზიდველი რომ იყოს, საჭიროა მოსახლეობის დიდი რაოდენობა, რაც არ არის. ასევე უნდა გვქონდეს სტაბილური სასამართლო, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს. მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა ინვესტიციების მოსაზიდად საკმარისი არ არის. საჭიროა ინდივიდუალური მუშაობა და ინვესტორის დაინტერესება. მაქსიმალურად განსხვავებული პირობები უნდა იყოს შეთავაზებული, ვიდრე სხვა ქვეყნები სთავაზობენ. რა არის ეს განსხვავებული პირობები, ეკონომიკის მინისტრმა უნდა იცოდეს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ბიზნესმენის თქმით, იმის ფონზე, რომ ომის გამო კომპანიას ლოგისტიკური პრობლემები შეექმნა, ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია ჩაიდო.
„წლების განმავლობაში იმდენი რაღაც გადავიტანეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციას შეიძლება მოვერგოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მორგების გზების ძიებით ბედნიერები ვართ. ვადაში გაიწელა მომარაგების სფერო და უფრო მეტი ინვესტირება ამ მიმართულებით ხდება. ეს არის გრძელვადიანი ინვესტიცია“, - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მან ლარის კურსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შესაძლოა ლარის დღევანდელი გაუფასურება ეროვნული ბანკის ჩარევას უკავშირდებოდეს.
„ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი ამ ბოლო პერიოდში სწორად მუშაობს. შეიძლება შეისყიდა რაღაც რაოდენობა“,- განაცხადა ბიზნესმენმა.