„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებლის, თემურ ჭყონიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებამ საქართველოს საინვესტიციო იმიჯი შელახა.
მისი განმარტებით, ინვესტორისთვის გარანტირებული უნდა იყოს, რომ ქვეყანაში კანონის დაცვა მოხდება.
„საქართველოში საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, „ნამახვანჰესის“ პროექტმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან კანონმდებლობის ზემოთ დადგა, მე ვფიქრობ, ადამიანების არასამართლიანი მოთხოვნები.
ქვეყანაში მოქმედი კანონები დაცული უნდა იყოს. ჩვენთან უკანონობა კი არ არის, კანონები არსებობს, რომელსაც არ იცავენ. ეკონომიკას მართავს არა კანონი, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სუბიექტური შეხედულებები“,- განუცხადა თემურ ჭყონიამ „ბიზნეს ფორმულას“.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ომის ფონზე ინვესტორები გაცილებით მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და შესაბამისად, ინვესტორების მოძებნა ძალიან გართულდება.
შეგახსენებთ, 2021 წლის სექტემბერში, თურქულმა კომპანია ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც წინ მოსახლეობის ნაწილის ხანგრძლივი პროტესტი და ინვესტორისთვის მუშაობაში ხელის შეშლა უძღოდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესის“ შესახებ გუშინ განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მისი განმარტებით, პროექტის რეალიზაციას ხელი დიდწილად დაინტერესებულ მხარეებს შორის არასწორმა კომუნიკაციამ შეუშალა.