LIVE

რუსეთი, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპას გაზის მიწოდებას აგვისტოს ბოლოს 3 დღით შეუწყვეტს

19 აგვ 202221:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 631
რუსეთი, Nord Stream-ის მეშვეობით, ევროპას გაზის მიწოდებას აგვისტოს ბოლოს 3 დღით შეუწყვეტს

Nord Stream-ის მეშვეობით, რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება აგვისტოს ბოლოს, მილსადენზე სარემონტო სამუშაოების გამო, კიდევ სამი დღით შეწყდება. ამის შესახებ განცხადებას Gazprom ავრცელებს.  

რუსული კომპანია Gazprom-ის გავრცელებული ინფორმაციით,
გაზის მიწოდება 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით შეჩერდება და ამის მიზეზი პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე ერთადერთი მომუშავე ტურბინის "რუტინული ტექნიკური სამუშაოებია".

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტექნიკური სამუშაოები, მომსახურების კონტრაქტების შესაბამისად, Siemens-ის სპეციალისტებთან ერთად ჩატარდება. 

"სამუშაოების დასრულებისა და ბლოკის ტექნიკური გამართულობის შემდეგ, გაზის მიწოდება აღდგება დღეში 33 მილიონი კუბური მეტრის დონემდე", - აცხადებენ Gazprom-ში. 

მილსადენს დღეში დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრის გატარება შეუძლია, თუმცა რუსეთი კვირების განმავლობაში Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიას გაზს სიმძლავრის მხოლოდ 20%-ის გამოყენებით აწვდის. რუსეთი ამის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. 

პორტოვაიას კომპრესორი, რომელიც რუსეთშია განთავსებული, მოიცავს ექვს ძირითად და ორ პატარა ტურბინას. ერთი ტურბინა კანადიდან ჩამოტანის შემდეგ, გერმანიაშია გაჩერებული. დანარჩენები კი ადგილზე ან კანადაში შეკეთებას საჭიროებენ.  

ივნისის შუა რიცხვებში, Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა. 

11 ივლისს Nord Stream ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღით გაჩერდა. 20 ივლისს კი ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაზის მიწოდება მკაცრად შემცირდებოდა, თუ სანქციებთან დაკავშირებული უთანხმოება არ მოგვარდებოდა.  

ევროპა და მისი მოკავშირეები კრემლს ენერგიის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებენ. 

Gazprom-ის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ევროპული ფიუჩერსები 9%-მდე გაიზარდა, რადგან ტრეიდერებისთვის გაურკვეველია რას მოიმოქმედებს რუსეთი, რომელმაც გაზის ნაკადები ისედაც მნიშვნელოვნად შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია