LIVE

ევროპაში Nord Stream 1-ით რუსული გაზის მიწოდება დროებით შეწყდება

11 ივლ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 767
ევროპაში Nord Stream 1-ით რუსული გაზის მიწოდება დროებით შეწყდება

ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც გერმანიას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 10 დღით ჩერდება. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

Nord Stream 1-ის მილსადენით რუსეთიდან გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. შეკეთების სამუშაოები განრიგით 11 ივლისიდან 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს.

Nord Stream-მა დაადასტურა, რომ მიწოდების შეჩერება როგორც დაგეგმილი იყო, დაიწყო და გაზის ნაკადები რამდენიმე საათის შემდეგ ნულამდე დაეცემა.

გასულ თვეში, რუსეთმა გაზის ნაკადები მილსადენის მთლიანი სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა იმ მოტივით, რომ კანადიდან აღჭურვილობა დაგვიანებით დაუბრუნდა.

კანადამ შაბათ-კვირას განაცხადა, რომ გარემონტებულ ტურბინას დააბრუნებს, მაგრამ ასევე დასძინა, რომ რუსეთის ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს.

პარალელურად, ევროპა შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა გაახანგრძლივოს დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ევროპისთვის გაზის მიწოდება შეზღუდოს.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუპირისპირდეს შესაძლებლობას, რომ რუსეთმა შესაძლოა Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება დაგეგმილი ტექნიკური პერიოდის შემდეგ შეაჩეროს.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო მტკიცებები, რომ რუსეთი ნავთობსა და გაზს პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად იყენებს და განაცხადა, რომ ტექნიკური სამუშაოების რეგულარული, დაგეგმილი მოვლენაა.

რუსეთიდან ევროპაში სხვა დიდი მილსადენებიც ფუნქციონირებს, მაგრამ ნაკადები თანდათან მცირდება. უკრაინამ მაისში გაზის ერთი სატრანზიტო მარშრუტი შეაჩერა, რაც რუსული ძალების საოკუპაციო ჩარევას უკავშირდებოდა.

რუსეთმა გაზის მიწოდება ასევე შეუწყვიტა ევროპის რამდენიმე ქვეყანას, რომლებმაც მისი მოთხოვნა, რუბლით გადახდაზე, არ დააკმაყოფილეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია