LIVE

კანადამ გერმანიას Nord Stream-ის შეკეთებული ტურბინა გაუგზავნა - kommersant

18 ივლ 202210:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 947
კანადამ გერმანიას Nord Stream-ის შეკეთებული ტურბინა გაუგზავნა - kommersant

კანადამ 17 ივლისს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაგზავნა გაზსადენ Nord Stream-ის ტურბინა. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ გამოცემა Kommersant-ზე დაყრდნობით წერს

გამოცემის ინფორმაციით, ტურბინას რუსეთი ხუთიდან შვიდ დღემდე ვადაში სახმელეთო გზით მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ მის ტრანსპორტირებას ლოჯისტიკური და საბაჟო პრობლემები არ შეექმნება. 

ჯერჯერობით უცნობია, გაზრდის თუ არა არა Gazprom-ი Nord Stream-ის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას ტურბინის მიღებისთანავე. კომპანია განმარტავს, რომ ის Siemens-ისგან შემდგომი ვალდებულებების შესრულების წერილობით გარანტიას ითხოვს. 

ივნისში Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.

ტურბინა, რომელიც კანადაში Siemens Energy-მ ააშენა, მონრეალში სარემონტოდ გაიგზავნა. რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის სანქციების გამო, ის ადგილზე დაიბლოკა. გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა კანადას მოუწოდეს, ეპოვა გზა ტურბინის დასაბრუნებლად. ისინი ეჭვობდნენ, რომ რუსეთი ამ საკითხს Nord Stream-ის დახურვისთვის საბაბად გამოიყენებდა. კანადა დათანხმდა ბუნებრივი აირის ტურბინის გადაცემას გერმანიისთვის Nord Stream-ის მილსადენში გამოსაყენებლად. 

ამავე დროს, უკრაინამ კანადას მოუწოდა, რომ რუსეთს ტურბინა არ გადასცეს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან წინააღმდეგობაში მოდის. 

კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ჯონათან ვილკინსონმა განაცხადა, რომ ექსპორტის ნებართვა გაიცა "ევროპელ მეგობრებთან და მოკავშირეებთან" და ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან ფართო დისკუსიების შემდეგ.

იმავდროულად, კანადა გააფართოებს სანქციებს რუსეთის მიმართ და შემზღუდველი ზომები სამრეწველო წარმოებაზე გავრცელდება.

ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც გერმანიას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 11 ივლისს 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.

Nord Stream 1-ის მილსადენით რუსეთიდან გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.