რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ Nord Stream მილსადენით ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება შეიძლება შემცირდეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირაში მილსადენი მუშაობას განაახლებს. ეს ყველაზე ნათელი სიგნალია იმისა, რომ მოსკოვი გეგმავს განაახლოს მინიმუმ გარკვეული ნაკადის გადაზიდვა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მილსადენის მიწოდებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტურბინის მიღების შეფერხების გამო, მილსადენმა შესაძლოა სიმძლავრის მხოლოდ 20%-ით იმუშაოს, რაც 10 ივლისამდე დატვირთვის ნახევარია.
ყველაზე დიდი მილსადენი, რომლითაც გერმანიას რუსული გაზი მიეწოდება, ყოველწლიური ტექნიკური სამუშაოების გამო 11 ივლისს 10 დღით გაჩერდა. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამის გამო, ევროპა ყველაზე უარესი სცენარისთვისაც ემზადება.
ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს შესთავაზა, რომ გაზის მოხმარება მომავალი თვიდან ნებაყოფლობით 15%-ით შეამცირონ. პროგრამა "შეინახე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის" დაანონსებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპის 12-მდე ქვეყანას ნაწილობრივ ან სრულად უკვე შეუწყდა რუსული გაზის მიწოდება. მისივე თქმით, რუსეთი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს და ამით ევროპას აშანტაჟებს.
პროგრამის თანახმად, ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით 2022 წლის 1 აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტამდე უნდა შეამციროს. ამ გზით ბლოკს შეუძლია, რომ 45 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაზოგოს.
ივნისის შუა რიცხვებში, Gazprom-მა, ბალტიის სადგურზე დაზიანების გამო, Nord Stream-ის მეშვეობით, ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდება 40%-ით შეამცირა. ამის მიზეზად კომპანიამ სარემონტოდ ამოღებული ტურბინის დაგვიანება დაასახელა.
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ კანადამ 17 ივლისს, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გერმანიაში თვითმფრინავით გაგზავნა Nord Stream-ის ტურბინა, თუმცა მის რუსეთში ჩატანას, სავარაუდოდ, კიდევ ერთი კვირა დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ნაწილი 21 ივლისს, მილსადენზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების დროისთვის ადგილზე არ იყოს.
დღესვე მოგვიანებით პუტინმა განაცხადა, რომ რომ გაზის მიწოდება მკაცრად შემცირდება, თუ სანქცირებულ ნაწილებთან დაკავშირებული უთანხმოება არ მოგვარდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევა კრუკოვსკა და ჯონ აინგერი