LIVE

მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

30 ივნ 202211:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
მაისში ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა. პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა კი 11.2% იყო.

მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში, განსაკუთრებით კი შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა. 

„სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ზრდის ტენდენციაზე უდიდესი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის ზრდამ. მაისში საერთაშორისო ვიზიტორებმა 320,000 ვიზიტი განახორციელეს, რაც 3-ჯერ აღემატება 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20%-ით არის გაზრდილი, ასევე 20%-ითაა გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი. ამასთან, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი ელექტროენერგიის ექსპორტი“, - განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დარგობრივ ჭრილში ზრდის მიზეზებზე საუბრისას.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 38%-ით, ადგილობრივი ექსპორტი - 43%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა - 37%-ით. 

ამასთან, მხოლოდ მაისში საქართველოში, დაახლოებით, 6 930 ახალი საწარმო დარეგისტრირდა. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 94%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 25%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებულ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 10 მლრდ 400 მლნ ლარს გადააჭარბა. 

რაც შეეხება 2022 წლის პროგნოზებს, მთავრობა წელს მინიმუმ 6%-იან ზრდას ელისრუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა. სავალუტო ფონდი, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას ელის. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა.