LIVE

დავითაშვილი: ველით, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

27 მაი 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
დავითაშვილი: ველით, რომ ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა მინიმუმ 6% იქნება.

როგორც მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 3%-3.5%-მდე შემცირებას გეგმავდა, თუმცა ახლა ელის, რომ ქვეყანას იმაზე მეტი ეკონომიკური ზრდა ექნება, ვიდრე საფინანსო ინსტიტუტების მიერაა პროგნოზირებული.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადავხედეთ და ვთვლიდით, რომ დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება ყოფილიყო 3%-3.5%. ამაში გვეთანხმებოდნენ საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ეკონომიკური გუნდი და მთლიანად მთავრობა, მობილიზებული ვიყავით, რომ პოტენციური დანაკარგი რაღაცით დაგვეკომპენსირებინა. შესაბამისად, ვფიქრობ, მთავრობის მობილიზებული პოზიციიდან გამომდინარე, იმ დადებითი ტენდენციების შენარჩუნება შევძელით, რომელიც ეკონომიკაში წლის დასაწყისში შეინიშნებოდა. საბოლოოდ, ჩვენი მოლოდინია, რომ დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ უნდა იყოს მიღწეული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა, წელს, ბიუჯეტის დეფიციტის 4.4%-დან 3.5%-მდე შემცირებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლება აცხადებდა, რომ 6%-იანი ზრდის მიღწევა რთული იქნებოდა. რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3%-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი. მსოფლიო ბანკმა კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდეა შეამცირა