LIVE

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა

11 აპრ 202214:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეამცირა

მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,5%-დან 2,5%-მდეა შემცირებული.    

„ცხადია, რომ უკრაინაში ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკი, ისევე როგორც რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მსოფლიოზე, მაგრამ ეს ზემოქმედება  განსაკუთრებით არაპროპორციულად საგრძნობია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მისი განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების ძირითადი მიზეზი შემდეგი სექტორებია: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ენერგორესურსები და სურსათი.

„პროგნოზის დაღმავალი კორექტირების ძირითადი არხები არის უმთავრესად ვაჭრობა, როგორც იმპორტის ისე ექსპორტის სახით, სადაც რუსეთი აგრძელებს მნიშვნელოვანი როლის შესრულებას; ჩვენ ვხედავთ ამას ტურიზმშიც - ბევრი ტურისტი რუსეთიდანაა; დამატებით იგივე ეხება ასევე ფულად გზავნილებს და მაშინაც კი, თუ გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის მცირე პროცენტული წილი იქნება, ის არაპროპორციულ გავლენას იქონიებს ღარიბ მოსახლეობაზე. დაბოლოს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ზემოქმედება ძირითადად ენერგორესურსებზე და ასევე სურსათზე, კერძოდ ხორბალზე მაღალი ფასებიდან გამომდინარე.

ამდენად, რა თქმა უნდა, ვხედავთ ზემოქმედებას საქართველოში. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო კარგ პოზიციაში იმყოფება კრიზისის სამართავად ძირითადად გონივრული ბუფერების გამო. მაკროსაფინანსო ჩარჩო საიმედოა და საბანკო სექტორი ამ განახლებულ კრიზისში მთლიანობაში ძლიერი და სტაბილურია. ამიტომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ საერთაშორისო პარტნიორების, მაგალითად მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია კრიზისი ერთობლივად გადავიტანოთ“, - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში.

სებასტიან მოლინეუსი საქართველოს მოკლევადიან და გრძელვადიან რეკომენდაციებს აძლევს. მისი განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში, ქვეყანას სჭირდება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„ამისათვის უნდა გავაგრძელოთ ინფლაციის ტარგეტირების ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეჟიმის განხორციელება, რაც მეტად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ფისკალურმა რეაქციამ არ უნდა დაკარგოს ფისკალური მდგრადობის ხედვა და უნდა უზრუნველვყოთ საქართველოს დაბრუნება თავის ფისკალურ წესრიგზე, რამაც ქვეყანას კარგი სამსახური გაუწია გასული რამდენიმე წლის განმავლობაში. ამდენად ეს უპირველესია. სოციალური დაცვის სისტემა ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია რეაგირების ღონისძიებების თვალსაზრისით. ამავე დროს, საჭიროა რომ მიზნობრივი სოციალური დახმარების ფორმულა რეალურად დაიხვეწოს, რომ ის ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვინც რეალურად საჭიროებს მას. და მესამე, საჭიროა ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების მოძიება იმ ქვეყნებთან, რომლებზეც კრიზისმა ნაკლებად იქონია გავლენა და ასევე ფირმების დახმარება, რომ მათ განახორციელონ მიმდინარე საექსპორტო ბაზრებიდან, მაგალითად რუსეთიდან, რეორიენტაცია ახალ ბაზრებზე, იქნება ეს ევროკავშირში, თურქეთში, ცენტრალურ აზიასა თუ სხვა რეგიონებში“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

რაც შეეხება საშუალო და გრძელვადიან პერიოდს, მისი განმარტებით, ქვეყანას არაერთი შესაძლებლობა ექნება. შუალედური დერეფანი გაზრდის ევროპისა და ჩინეთის დაკავშირების მნიშვნელობას ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საშუალებით. 

„ჩვენ უკვე ვხედავთ ვაჭრობის ზრდას. ამდენად, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის ღირებულების ჯაჭვების შემდგომი გაუმჯობესება უნდა განხორციელდეს.

ჩვენ ასევე ვხედავთ ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან ელემენტებს, სადაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით და ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების მიმართულებითაც. და ეს არის ის, რასაც ჩვენ მსოფლიო ბანკში განვიხილავთ და ყურადღებით შევისწავლით. დაბოლოს, აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობისაა ყურადღება არ მოვაკლოთ გრძელვადიანი სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის საფუძვლის მოსამზადებლად.

ჩვენ გვჭირდება პროდუქტიულობის ამაღლება ეკონომიკის ყველა სექტორში, კონკურენციის ზრდა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა საქართველოში“, - აცხადებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წელს ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებდა საქართველოს მთავრობა, თუმცა ახლა, ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, 6%-იანი ზრდის მიღწევა რთული იქნება. ამავე მიზეზით ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი შეამცირა ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ში აცხადებენ, რომ ზრდის ტემპი 3-4%-ის ფარგლებში იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ომისა და სანქციების უარყოფითი შედეგების გამო, საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3%-მდე შეამცირა და მიუთითებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. 3,5%-იან ზრდას პროგნოზირებს აზიის განვითარების ბანკი.